გამოცემები
Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
ევროპის საბჭოს ინიცირებითა და მედიაციით, ნდობის აღდგენის ჩარჩო-პროგრამის საფუძველზე და  
შსს არქივის რეგიონული პროექტის - „აღადგინე ისტორია არქივთან ერთად“ - ფარგლებში, 2015  
წლიდან მიმდინარე ქართულ-აფხაზური დელეგაციების სამუშაო შეხვედრების შედეგად  
გამოცემულ იქნა სამ-ტომეული - „დიდი ტერორი აფხაზეთში (აფხაზეთის ასსრ, 1937-1938 წწ.)“
პირველ ტომში შსს არქივის თანამშრომელთა მიერ შეკრებილი და განზოგადებულია დიდი ტერორის  
პერიოდში (1937-1938 წწ.) აფხაზეთის ასსრ ტერიტორიაზე განხორციელებული რეპრესიების  
წანამძღვარების (მოკლე ისტორიული ექსკურსი), პროცესის მარეგლამენტირებელი შინსახკომის  
ბრძანებისა (#00447, 30/07/1937) და 1928 წლის საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის  
მიმოხილვა, აგრეთვე შინსახკომის განსაკუთრებული „სამეულის“ მიერ ავტონომიურ რესპუბლიკაში  
გასამართლებულ პირთა სიობრივი სახით ილუსტრირებული მონაცემები.
მეორე ტომი მოიცავს აფხაზური დელეგაციის მიერ მოძიებულ მთელ რიგ საინტერესო საარქივო  
მასალებს (მაგ: აგენტურული საქმეები - „დიპლომატი“, „მხედრები“, „დინამიტი“, „ექსკურსანტები“...).
მესამე ტომი გულისხმობს ერთობლივ საძიებო კატალოგს, რომელშიც წარმოდგენილია დანარჩენ ორ  
ტომში გამოყენებული მასალის ანბანური (სახელობითი) და საგნობრივი (თემატური) ნიშნით  
სორტირებული ლექსიკონები (ცნობარები), ასევე პროფილურ საარქივო ფონდებში დაცული  
ფოტოსურათები.
გამოცემის პირველადი წარდგენა დე ფაქტო ხელისუფლებისა და ადგილზე მოქმედი  
საერთაშორისო ჰუმანიტარული თუ სხვა სახის წარმომადგენლობების ჩართულობით, გაიმართა ქ.  
სოხუმში  2017 წლის 4 სექტემბერს,  ხოლო მეორე დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა და  
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროების, დიპლომატიური კორპუსისა და  
ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით, ანალოგიური ღონისძიება  
შედგა ქ. თბილისში.
საქართველოს ოკუპაცია, ბოლშევიკური ინტერპრეტაციები (1921)“  - კრებულში თავმოყრილია შსს
არქივში დაცული, საქართველოს გასაბჭოების  ამსახველი დოკუმენტური მასალა, რომელიც ძველი
რევოლუციონერების, რუსი სამხედრო მოსამსახურეების მოგონებებისა და ჩანაწერების სახით არის
წარმოდგენილი. 
9 აპრილი- მონოგრაფიაში შესულია საქართველოს სსრ უშიშროების კომიტეტისა და პარტიული არქივის
ფონდებში დაცული მასალები, რომლებშიც  დეტალურადაა აღწერილი 1989 წლის 9 აპრილს თბილისში
განვითარებული ტრაგიკული მოვლენები, ასევე მაშინდელი ხელისუფლების მიერ თბილისიდან მოსკოვში და
მოსკოვიდან თბილისში გაგზავნილი დაშიფრული დეპეშები, სსრკ პროკურორის, ნ. ს. ტრუბინის დასკვნა,
საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმის,  ბიუროს სხდომის, საგაზეთო ფონდის
მასალები და სხვ.
...60-მდე სისხლის სამართლის ტომი, რომელიც შინსახკომელ ჯალათთა ,,მოღვაწეობას" ეხებოდა, საფუძვლად
დაედო მხატვრულ ნაწარმოებს - ,,დაპატიმრდეს! იცემოს! დაიხვრიტოს!" რეალური ფაქტები და გარდაცვლილი
ჯალათის სული...ჯალათის, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა! საბჭოთა ჯალათების
ცხოვრების წესი, თვალთახედვა, მენტალიტეტი, პიროვნების დეგრადაცია, წამების სცენები, ,,შეურაცხყოფის
ხელოვნება" - რეპრესიების შემზარავი რეალობა!
შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივმა გამოსცა წიგნი - „ბოლშევიკების თვალით დანახული საქართველოს
ოკუპაცია (1921)“. მასში ასახულია 1921 წელს საქართველოში წითელარმიელთა შემოსვლის დეტალები.
გამოცემა ოთხ მოგონებას აერთიანებს, მათ შორისაა:
„ივანე ზოლოტოვის მოგონებები“,  რომელშიც აღწერილია მამისონის უღელტეხილის გადალახვა, ქუთაისისა და
ბათუმის აღება და აჭარისტანში საბჭოთა ხელისუფლების დამყარება;
„ნაწყვეტი ქართველი წითელარმიელის მოგონებიდან“ მოგვითხრობს, როგორ მიადგა 1921 წლის 21 თებერვალს
წითელი არმიის ნაწილი ბორჩალოს მხრიდან საქართველოს, კერძოდ კოjრის მისადგომებს და როგორ მოხდა 25
თებერვალს საქართველოს გასაბჭოება;   „რუსი ჯარისკაცის მემუარები“ საყურადღებოა იმით, რომ კარგად ჩანს,
თუ როგორი განწყობა სუფევდა იმ პერიოდში მთელ კავკასიაში რუსეთისა და წითელი არმიის მიმართ; „მიხეილ
პავლეს ძე შრეიდერის მოგონებებში“ კი აღწერილია „ჩეკისტების“ როლი საქართველოს გასაბჭოების პროცესში.
შსს არქივის წიგნში „თულნი“ ასახულია საბჭოთა  ხელისუფლების ბრძოლა მე-20 საუკუნის 20-იან წლებში
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოქმედი ბანდიტური და პოლიტიკური დაჯგუფებების წინააღმდეგ.
გამოცემაში შიეტყობთ შაქრო მოსულიშვილის, ივანე კრაწაშვილის, თარასხან ეშბას, ვასილ კასრაძის, ევტიხი
სიჭინავასა და სხვათა  დაჯგუფებების შესახებ, რომლებიც შიშის ზარს სცემდნენ მოსახლეობასა და
ხელისუფლებას. მათი საქმიანობა უფრო კრიმინოგენური ხასიათის გახლდათ, თუმცა ხშირად   პოლიტიკური
დაჯგუფებებსაც ეხმარებოდნენ.   მათ შესახებ ცნობები 30-იან წლებში მოღვაწე  სახელმწიფო პოლიტიკური
სამმართველოს ოპერრწმუნებულმა, ვინმე კირილენკომ შეკრიბა და დაამუშავა. რომელიც 40-იან წლებში
შინსახკომის ბანდიტიზმთან ბრძოლის პირველი განყოფილების თანამშრომელმა, სახელმწიფო უშიშროების
კაპიტანმა ოდიშარიამ შიდა უწყებრივი სახელმძღვანელოს სახით დაბეჭდა. ამჟამად წიგნად გთავაზობთ ამ
დოკუმენტების კრებულის როგორც ქართულ, ისე რუსულ ვარიანტებს.
"საბჭოთა საქართველოს გასაიდუმლოებული ისტორია" შსს არქივის სპეციალური
გამოცემაა,რომელიც სტატიების კრებულს წარმოადგენს. საზოგადოების
ინტერესიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ყველა ის წერილი, რომლებსაც
განსაკუთრებული გამოხმაურება და მოწონება მოჰყვა, ერთ წიგნად შეგვეკრიბა და
ამგვარი სახით მიგვეწოდებინა ერთგული მკითხველისთვის.
აღნიშნული გამოცემა, ფაქტობრივად, საქართველოს უახლეს ისტორიას 1921-1989
წლებს ასახავს.
გამოცემა „არქივის კვალდაკვალ - ბათუმი“ აჭარის ა/რ მთავრობის საარქივო სამმართველოსთან ერთად
მომზადდა.

ერთობლივ კრებულში ოცამდე ნაშრომია თავმოყრილი. დოკუმენტებზე დაყრდნობით მკითხველი შეიტყობს
გასულ საუკუნეში აჭარის რეგიონში, კერძოდ კი ბათუმში განვითარებულ მოვლენებს, როგორ მოხდა აჭარაში
საბჭოთა ხელისუფლების დამყარება და რევოლუციური კომიტეტის შექმნა; როგორ და რა ნიშნით
ასახლებდნენ თავადებსა და ბეგებს; როგორ ემზადებოდა ბათუმი 1924 წლის აჯანყებისთვის; როგორ
გაუსწორდა საბჭოთა ხელისუფლება ეროვნული სულისკვეთებით აღტყინებულ მამულიშვილებს.
მკითხველი იხილავს დახვრეტილთა სიებს, დახვრეტის ოქმებსა და მეორე მსოფლიო ომში დაკარგულთა
ჩამონათვალს.
რეგიონული პროექტის - „აღადგინე ისტორია არქივთან ერთად“ - ფარგლებში მომზადდა სპეციალური
საარქივო გამოცემა სახელწოდებით- „არქივის კვალდაკვალ - ზუგდიდი“.
კრებულში წარმოდგენილი  საარქივო დოკუმენტები ზუგდიდის რაიონის (ზუგდიდის მაზრა) უახლეს 
იტორიას  ასახავს.  შეიტყობთ თუ, როგორ აღინიშნა დამოუკიდებლობის დღე -26 მაისი გასაბჭოებიდან ერთი
წლის თავზე, რა მონაწილეობა მიიღო ზუგდიდის მაზრამ 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში, როგორ
იხურებოდა ეკლესია-მონასტრები, წარმოდგენილია „სოციალურად მავნე ელემენტების“ - გადასახლებულ
თავად-აზნაურთა, 1937-38 წლებში რეპრესირებულთა, მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა
სიები, სპეც. ოპერაცია „Гроза“-ს  („ელვა“) დროს ერთ ღამეში გადასახლებულ ზუგდიდელთა გვარ-სახელები... 
წარმოდგენილია მასალები: სპირიდონ კედიას, მუშნი დადიანის სისხლის სამართლის საქმეებიდან.
გაეცნობით ზვიად გამსახურდიას დისიდენტური მოძრაობის ამსახველ დოკუმენტაციას, ასევე მასალებს - 
60-იან წლებში ზუგდიდის რაიონში მოქმედი დისიდენტური ჯგუფების შესახებ და სხვ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი განაგრძობს პროექტს   „აღადგინე ისტორია არქივთან ერთად“   პროექტის
ფარგლებში მომზადდა გამოცემა   „არქივის კვალდაკვალ   ჩოხატაური“. წიგნში თავმოყრილია შსს არქივში
დაცული დოკუმენტების ნაწილი, რომელიც ჩოხატაურის რაიონს უშუალოდ უკავშირდება.
კრებული საინტერესო იქნება არა მხოლოდ ჩოხატაურისთვის, არამედ მთელი გურიისთვის, რადგან
წარმოდგენილი დოკუმენტები გასულ საუკუნეში გურიის მაზრაში განვითარებულ მოვლენებს მოგვითხრობს, 
მით უმეტეს, რომ აღნიშნული საქმეები ათწლეულების განმავლობაში  გასაიდუმლო-ებული იყო  და ედო
გრიფი - „სრულიად საიდუმლო“ .
„არქივის კვალდაკვალ  ჩოხატაური“ აღწერს საქართველოს გასაბჭოების შემდგომ პერიოდს. კრებულში
დაბეჭდილი დოკუმენტები და სტატიები გვამცნობენ, თუ რა ვითარება იყო გურიაში საქართველოს
გასაბჭოებიდან ერთი წლის თავზე; როგორ მომწიფდა 1924 წლის აჯანყება; როგორ ილაშქრებდა საბჭოთა
ხელისუფლება ეკლესიის წინააღმდეგ და რა მეთოდებით აწარმოებდა ანტირელიგიურ კამპანიას. მკითხველი
ასევე იხილავს: 1937-1938 წლებში დახვრეტილთა სიებსა და დახვრეტის ოქმებს; გურული რევოლუციონერების
მოგონებებს; კიდევ ერთხელ გავახსენებთ საზოგადოებას სასიქადულო მამულიშვილს, ექვთიმე თაყაიშვილს,
რომელმაც საქართველოს საგანძური უდიდესი ძალისხმევისა და ტანჯვა-წამების ფასად გადაგვირჩინა.
ფართო საზოგადოებისთვის პირველად იქნება წარმოდგენილი მიხეილ კახიანის  ის მოხსენება, რომელიც
გურულების განათლებულობასა და პოლიტიკურ აქტიურობას უსვამს ხაზს.
ვიმედოვნებთ, შსს არქივის მორიგი გამოცემა მკითხველის ინტერესს გამოიწვევს.
ღონისძიების - ,,აღადგინე ისტორია არქივთან ერთად“- ფარგლებში მომზადდა სპეციალური საარქივო გამოცემა
სახელწოდებით ,,არქივის კვალდაკვალ - ზესტაფონი“. მასში წარმოდგენილია მცირე ნაწილი იმ დოკუმენტებისა,
რომლებიც ეხება ზესტაფონის რაიონს (შორაპნის მაზრას) და დაცულია შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში.
დოკუმენტების კრებული ღირებულია  იმ პირთათვის, რომელთაც  აინტერესებთ შორაპნის მაზრაში გასული
საუკუნის განმავლობაში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები: როგორ აღინიშნა დამოუკიდებლობის დღე - 26
მაისი გასაბჭოებიდან ერთი წლის თავზე, რა მონაწილეობა მიიღო შორაპნის მაზრამ 1924 წლის აგვისტოს
აჯანყებაში, რატომ დახვრიტეს ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი და როგორ იხურებოდა ეკლესია-
მონასტრები, წარმოდგენილია ,,სოციალურად მავნე ელემენტების“ - გადასახლებულ თავად-აზნაურთა, 1937-
38 წლებში რეპრესირებულთა, მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიები, სპეც.ოპერაცია ,,Гроза
“-ს  (,,ელვა“) დროს ერთ ღამეში გადასახლებულ ზესტაფონელთა გვარ-სახელები...
მკითხველს საშუალება აქვს, გაეცნოს მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, პავლე ინგოროყვას ნაშრომის -
,,საქართველოს რაიონების“ იმ ნაწილს, რომელიც ზესტაფონს ეხება.
პროექტის  - „აღადგინე ისტორია არქივთან ერთად“  - ფარგლებში მომზადდა გამოცემა - „არქივის კავლდაკვალ
- მცხეთა მთიანეთი“. კრებულში შესულია შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული ის დოკუმენტური
მასალა, რომელიც მცხეთა-მთიანეთის რეგიონის უახლეს ისტორიას ასახავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში მომზადდა ჟურნალ `საარქივო მოამბის~ სპეცნომერი, რომელშიც
თავმოყრილია არქივში დაცული, ქუთაისთან დაკავშირებული მასალების მცირედი ნაწილი. სტატიებითა თუ
უნიკალური საარქივო მასალით მკითხველი შეიტყობს, როგორ ვითარდებოდა მოვლენები გასულ საუკუნეში
ქუთაისის მაზრაში. გამოცემაში წარმოდგენილი დოკუმენტები ფარდას ხდის მეოცე საუკუნის დასაწყისში
ქუთაისის გუბერნიის ჟანდარმერიის მუშაობის დეტალებს; ვიგებთ, როგორ ებრძოდა ბოლშევიკური რუსეთი
ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას; როგორ იხურებოდა ტაძრები და როგორ იდევნებოდნენ
სასულიერო პირები. სპეცგამოშვებაში ასახულია ქუთათელი მიტროპოლიტის, ნაზარი ლეჟავას
დაპატიმრებისა და დახვრეტის ისტორია; კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის ბიოგრაფია და მისი
ხელნაწერი წერილები; 1924 წლის აჯანყება ქუთაისის მაზრაში და 1924 წელს დახვრეტილთა სიები; 1937-
1938 წლებში რეპრესირებულების _ ტიციან ტაბიძის, პეტრე ოცხელის, ქუთაისში დაბადებული, ეროვნებით
პოლონელი მხატვრის, ჰენრიხ ჰრინევსკის დახვრეტის ოქმები.
წიგნში წარმოდგენილია დისიდენტური მოძრაობის მოკლე მიმოხილვა ჩეხოსლოვაკიასა და საქართველოში.
კერძოდ, პირველ ნაწილში, იან კალოსისა და ადამ რადილეკის სტატიებშიაღწერილია ჩეხოსლოვაკიის
მოსახლეობის მშვიდობიანი პროტესტი საბჭოთა ოკუპანტების მიმართ. იან კალოსის სტატიაში ,,ჩეხოსლოვაკია-
ოკუპანტები 4:3“ გადმოცემულია საბჭოთა კავშირისა და ჩეხოსლოვაკიის ჰოკეის გუნდების შეხვედრა და
ჩეხოსლოვაკიის მოსახლეობის რეაქცია სპორტულ წარმატებაზე. ადამ რადილეkის სტატიაში ,,ძალადობა
სულიერებას არ ცვლის“ წარმოდგენილია ინტერვიუ ცნობილ ჩეხოსლოვაკელ დისიდენტ ჟდენა ტომინოვასთან,
რომელშიც ეს უკანასკნელი დაწვრილებით იხსენებს ჩეხოსლოვაკურ დისიდენტურ მოძრაობაში შეტანილ
წვლილს. მეორე ნაწილში, რომლის ავტორიც ვლადიმერ ლუარსაბიშვილია, წარმოდგენილია სამი თავი.მათში
აღწერილია დისიდენტური მოძრაობის ისტორია საბჭოთა რუსეთში, ქართული დისიდენტური მოძრაობის
მოკლე მიმოხილვა და დისიდენტ რევაზ ცინცაძის საქმე.
შსს არქივის მიერ საარქივო მასალებზე დაყრდნობით მომზადდა წიგნი-ცნობარი - „XX საუკუნის საქართველოს
შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები“. წიგნი მრავალფეროვანი და მეტწილად დღემდე უცნობი
დოკუმენტური მასალის საფუძველზეა დაწერილი. დადგენილი და დოკუმენტურად დადასტურებულია ბევრი
ისეთი ფაქტი და მოვლენა, რომელიც დღემდე არა თუ ფართო საზოგადოებისთვის, არამედ
ისტორიკოსთათვისაც კი უცნობი იყო. მასში მოკლედ არის ასახული, თუ როგორ ყალიბდებოდა და
ვითარდებოდა ქვეყნის სამართალდამცავი და უშიშროების ორგანოები, მოყოლებული  დავით აღმაშენებლის
დროიდან. ნაშრომის ძირითადი ნაწილი ეთმობა საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრების
ბიოგრაფიებს, რომლებიც ამ სტრუქტურებს 1918-2000 წლებში ხელმძღვანელობდნენ. მკითხველი ასევე
გაეცნობა ამიერკავკასიის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სამხრეთ ოსეთის
ავტონომიური ოლქის შინაგან საქმეთა და უშიშროების ორგანოების ხელმძღვანელებს. წიგნს თან ერთვის
მდიდარი ფოტოილუსტრაცია.  
უკვე გამოვიდა გაყიდვაში ეკატერინე (კეკე) ჯუღაშვილის მოგონება სტალინზე, რომელიც ნახევარ საუკუნეზე
დიდხანს ინახებოდა არქივში.  ჩაწერილია მისივე კარნახით 1935 წელს,  გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე.
მოგონებებში, კეკე დიდი სიყვარულით აღწერს სტალინის ბავშვობას, იმ სირთულეებზე გვიამბობს, რაც მას
თავს გადახდა, რათა სოსო გზაზე დაეყენებინა და მისთვის  კარგი განათლება მიეცა. ეკატერინე ჯუღაშვილი
1937 წლის  მაისში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. ის საერო წესით დაკრძალეს.  მას კომუნისტური
პარტიის თანამდებობის პირები მიასვენებდნენ. დაკრძალეს მთაწმინდაზე. დედის დასაფლავებას დიდი
ბელადი არ დასწრებია. მოგონებების ინგლისური ვერსია უკვე ატვირთულია ამაზონზე. წიგნი ქართულ ენაზე
დაბეჭდა  ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ.
ეკატერინე (კეკე) ჯუღაშვილის მოგონება სტალინზე, რომელიც ნახევარ საუკუნეზე დიდხანს ინახებოდა არქივში
ჩაწერილია მისივე კარნახით 1935 წელს,  გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე.        
მოგონებებში, კეკე დიდი სიყვარულით აღწერს სტალინის ბავშვობას, ყვება თავის ცხოვრებას და იმ
სირთულეებზე გვიამბობს, რაც მას თავს გადახდა, რათა სოსო გზაზე დაეყენებინა და მისთვის  კარგი
განათლება მიეცა.
მოგვითხრობს თუ როგორ  შექმნა ოჯახი ბესარიონ ჯუღაშვილთან, თუმცა მას დიდი სიმპატიით არ
მოიხსენიებს. სოსოს დაბადებას, მის გაზრდას და ავადმყოფობას საოცარი პირდაპირობით გადმოგვცემს. იგი არ
შეეპუა არანაირ წინააღმდეგობას და კველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სოსო გზაზე დამდგარიყო და
საზოგადოებაში ადგილი დაემკვიდრებინა . მიუხედავად იმისა, რომ კეკეს იმედგაცრუებაც ქონდა, მოელოდა,
რომ მისი შვილი ეპისკოპოსი გახდებოდა, მაინც მისი ქომაგი იყო. ძალიან განიცდიდა, როცა უკვე პოლიტიკაში
ჩართული სოსო მას იშვიათად სტუმრობდა, მაგრამ ყველაფერს გაგებით და მოთმინებით ეკიდებოდა,
ეფერებოდა მის გამოგზავნილ წერილებს, მისი შვილი უკვე დიდი კაცი იყო.
ეკატერინე ჯუღაშვილი 1937 წლის  მაისში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. იმის მაგივრად, რომ ის
საეკლესიო წესით დაეკრძალათ, საერო წესით დაკრძალეს, მას კომუნისტური პარტიის თანამდებობის პირები
მიასვენებდნენ. დაკრძალეს მთაწმინდაზე. დედის დასაფლავებას დიდი ბელადი არ დასწრებია.
1921 წლის ნოემბერში კონსტანტინეპოლში ქართველმა ემიგრანტებმა ფრანგულ ენაზე ბოლშევიკური
იმპერიალიზმის მამხილებელი ბროშურა გამოსცეს. ტექსტში აღწერილია 1921 წელს, საქართველოში რუსეთის
საბჭოთა საოკუპაციო ხელისუფლების წინააღმდეგ თბილისის პროლეტარიატის  საყოველთაო გამოსვლის 
ფაქტები.
ბროშურა "ამოღებულია" ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის მიერ 1923 წელს და გადაგზავნილია
საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში.
აღნიშნული მასალა დაცულია სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში (პარტიული არქივი, ფ.14. აღ.1,
საქმე 36).
ორტომეული   - „ბოლშევიკური წესრიგი საქართველოში“  - ქართულ-
გერმანული ერთობლივი კვლევითი პროექტი.
პირველ ტომში, დიდი ტერორის ისტორიოგრაფიაში პირველად,  
საქართველოს მაგალითზე გამოკვლეულია ბოლშევიკური ტერორის  
სპეციფიკა, შინსახკომის მიერ წარმოებული ოპერაცია („კულაკური“),  
„ნაციონალური ხაზის“ ოპერაციები და სოციალური წმენდა („მილიციის  
სამეული“).  
მეორე ტომში გამოქვეყნებულია საქართველოში ჩატარებული დიდი  
ტერორის პერიოდის ამსახველი დოკუმენტები და ფოტოები.
„ქართული დისიდენტური მოძრაობის ისტორია“  -  მონოგრაფია ქართული დისიდენტური მოძრაობის  
ისტორიის შესახებ, რომელიც მომზადდა შსს არქივის მასალებსა და სამეცნიერო სტატიებზე დაყრდნობით და  
მოიცავს  1953  წლიდან 1989 წლამდე პერიოდს.
„მშვიდობით, ძმებო, გვხვრეტენ ამაღამ!“ -  1923 წლის 19 მაისს, ამიერკავკასიის საგანგებო კომისიისა და  
საქართველოს საგანგებო კომისიის კოლეგიის გაფართოებულმა სხდომამ დახვრეტა მიუსაჯა „სამხედრო  
ცენტრის“ თხუთმეტ წევრს: გენერალ ალექსანდრე ანდრონიკაშვილს, გენერალ ვარდენ წულუკიძეს, პოლკოვნიკ  
გიორგი ხიმშიაშვილს, პოლკოვნიკ როსტომ მუსხელიშვილს, გენერალ კონსტანტინე აფხაზს, ნიკოლოზ  
ზანდუკელს, სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელს, ფარნაოზ ყარალაშვილს, იასონ კერესელიძეს, ივანე ქუთათელაძეს,  
სიმონ ჭიაბრიშვილს, პოლკოვნიკ ალექსანდრე მაჭავარიანს, პოლკოვნიკ ელიზბარ გულისაშვილს, ლევან  
კლიმიაშვილსა და დიმიტრი ჩრდილელს.
გამოცემაში გაერთიანებულია და საზოგადოების სამსჯავროზეა გამოტანილი ის მნიშვნელოვანი საარქივო  
დოკუმენტები, რომელიც ამ უკანასკნელთა სისხლის სამართლის საქმეებშია დაცული.